9-15 ოქტომბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი.
ფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი პიანისტის-ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის არაერთ მუსიკოსს მასპინძლობს.
წლევანდელი პროგრამა მეოცე საუკუნის ცნობილი მევიოლინის - ოლეგ კაგანის 70 წლისთავს ეძღვნება, რომელიც ფესტივალის დაარსების ერთ-ერთი თანამოაზრეა ელისო ვირსალაძესა და ნატალია გუტმანთან ერთად.
2016 წლის მთავარი სიახლე ფესტივალზე ევროპული ორკესტრის ჩამოსვლაა. ქალაქ კრაკოვის (პოლონეთი) ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მონაწილეობით ორი კონცერტი გაიმართება. ორკესტრს უდირიჟორებენ ევროპაში ცნობილი იაცეკ კასპშიკი და ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. პოლონური ორკესტრისა და დირიჟორის ვიზიტი საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღიარებული მუსიკოს-შემსრულებლები კოლია ბლახერი, ელისო ვირსალაძე, ალექსანდრე ბუზლოვი, ახალგაზრდა მუსიკოსები უილიამ დატონი (დიდი ბრიტანეთი), ჩან უეი (ჩინეთი), დმიტრი შიშკინი (რუსეთი). ფესტივალში ასევე მონაწილეობენ დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში ცნობილი საფორტეპიანო დუეტის, ნანა დიმიტრიადისა და ნანა ავალიშვილის დახურული კონცერტი გაიმართება, რომელზეც დასწრება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ბილეთებით იქნება შესაძლებელი.
ტრადიციულად, ფესტივალი მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს, რომელშიც შესულია როგორც მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე მე-20 საუკუნის ცნობილ კომპოზიტორთა ის ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში პირველად შესრულდება.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ფორტეპიანოსა და ჩასაბერი ინსტრუმენტების სპეციალობებში, რომლებშიც კონსერვატორიის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში 20 სექტემბრიდან და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროში 1 ოქტომბრიდან. ასევე, ფესტივალის ბილეთები უკვე განთავსებულია ვებ-გვერდზე www.biletebi.ge