დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებში არჩევნები ამ დროისთვის დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, ქობულეთში 65-ვე უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ქობულეთის 81-ე საარჩევნო ოლქი საკრებულოში 30 წევრს აირჩევს, აქედან 20 მაჟორიტარი იქნება, ხოლო 10 წევრი საკრებულოში პროპორციული სიით მოხვდება. ამ დროისთვის ქობულეთელი ამომრჩევლების აქტივობა დაახლოებით 2 %-ს შეადგენს. მათ გააქტიურებას დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.
რაც შეეხება ფოთს - სულ 40 003 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, აქედან 715 სამხედრო მოსამსახურეა, რომელთათვისაც ორი სპეცუბანია გახსნილი. სულ ქალაქში 32 უბანია. პირველი ამომრჩეველი ამ დროისთვის ფოთის ყველა საარჩევნო უბანზეა მისული. ქალაქის საკრებულოში სულ 15 წევრს აირჩევენ, აქედან 5 მაჟორიტარი იქნება, დანარჩენი 10 კი ქალაქის თვითმმართველობის ორგანოში პროპორციული სიით მოხვდება. ამ დროისთვის ფოთში ამომრჩეველი საკმაოდ აქტიურია.
ყველა უბანი გახსნილია ზუგდიდშიც. ქალაქში სულ 129 644 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ისინი ხმას 108 საარჩევნო უბანზე მისცემენ. საარჩევნო პროცესი ქალაქში მშვიდად მიმდინარეობს. ამომრჩევლის აქტიურობის ზრდას ზუგდიდში 12:00 საათისთვის ელოდებიან. ქალაქში არჩევნებს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთან ორი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებიც აკვირდებიან.
ქუთაისში კი, ხმის მიცემა 126-ვე ძირითად და 3 დამატებით საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ქალაქის მაცხოვრებლები საკმაო აქტიურობით გამოირჩევიან. საარჩევნო პროცესი ქუთაისშიც ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
რაც შეეხება ბათუმს, ხმის მიცემის პროცესი იქაც 08:00 საათიდან ყველა უბანში მიმდინარეობს. ამომრჩევლის აქტივობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია 12:00 საათისთვის გახდება ცნობილი.