ფულადი გადარიცხვების მიმღებთათვის განხორციელებული პროგრამის შედეგებთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტქრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო EBRD -ის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანში დანერგილი ფინანსური განათლების პროექტის შედეგები, რომელშიც ორივე ქვეყნის 10 ბანკი და 30 ათასამდე მცხოვრები ჩაერთო.
როგორც EBRD -ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ირაკლი მექვაბიშვილმა განმარტა, ფულადი გზავნილების სტრუქტურის თანახმად, საქართველოს შემთხვევაში, 98-99 პროცენტი საბანკო გადმორიცხვების გზით ხორციელდება. თუმცა თანხის მიმღებების უმრავლესობას ბანკში ანგარიში გახსნილი არ ჰქონდა და ისინი თანხას ბანკიდან პირდაპირ იღებდნენ.
პროექტის შესაბამისად, საქართველოში გზავნილების მიმღებ 20 ათას მოქალაქესთან და აზერბაიჯანში 15 ათასამდე მოქალაქესთან შეხვედრები ჩატარდა. მათ მიეწოდებოდა ინფორმაცია ბანკში ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა დადებითი მხარეები აქვს მას.
"ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა ამ სახისთვის გვესწავლებინა და აგვესხნა, რომ გაეხსნათ ბანკებში ანგარიშები. ძირითადი მიზანი იყო მათ მიერ ბანკებში დეპოზიტების გახსნა. 6 თვეს ვიმუშავეთ, შედეგად საქართველოში ფულადი გზავნილების მიმღებმა 20 ათასამდე ადამიანმა გახსნა ბანკში ანგარიში, რაც ჯამში 5 მლნ აშშ დოლარის დეპოზიტია", - განაცხადა მექვაბიშვილმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანში 2 მლნ-მდე აშშ დოლარის მოცულობის დეპოზიტი გაიხსნა.
"ეს პროექტი ამ ეტაპზე დასრულდა. თუ ბანკებმა გააგრძელეს ამ მიმართულებით მუშაობა, გზავნილების მიმღებთა 40-45 პროცენტი კიდევ გახსნის ანგარიშებს და ეს იქნება დაახლოებიოთ 140-150 მლნ მოცულობის დამატებითი დეპოზიტი საბანკო სისტემაში", - განაცხადა მექავბიშვილმა.
EBRD -ის აღნიშნული პროექტში საქართველოში 6, ხოლო აზერბაიჯანში 4 კომერციული ბანკი იყო ჩართული.