ჩრდილოეთ კორეელმა ლიდერებმა დღეს დაწყებულ სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე, სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით, კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, ჩრდ. კორეას სამხრეთ კორეასთან ომის არ ეშინია და იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები დაიწყება, ისინი მზად არიან ომში ყველა მათ ხელთ არსებული რესურსი გამოიყენონ. ამის შესახებ კორეულ სააგენტოებზე დაყრდნობით, "სი-ენ-ენი" იუწყება.
ჩრდილოკორეელი სამხედრო პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა კონფრონტაციას კონფრონტაციითვე უპასუხებს.
"ახლა ამ მარიონეტების ჯგუფმა ჩრდ. კორეა ოფიციალურად და აშკარად გამოიწვიეს. ჩრდ. კორეა კონფრონტაციას კონფრონტაციითვე უპასუხებს. ომის დაწყების შემთხვევაში ჩრდ. კორეა ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს", - ჩრდილოკორეელი შესაბამისი უწყების წარმომადგენლების სიტყვებს ციტირებს "სი-ენ-ენი."
ჩრდ. კორეის გაღიზიანება სამხრეთ კორეის მიერ დღეს დაწყებულმა სამხედრო-საზღვაო წვრთნებმა გამოიწვია, სადაც პირობით მოწინააღმდეგედ წყალქვეშა ნავია მიჩნეული.
შეგახსენებთ, კორეული საინფორამციო სააგენტოების მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოკორეელმა მაღალჩინოსნებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ფხენიანი სამხრეთ კორეასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების აქტის გაუქმებას აპირებს.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი 26 მარტს "ყვითელ ზღვაში" ჩაძირული სამხრეთ კორეული გემია. სამხრეთკორეული და ამერიკული დაზვერვის მტკიცებით, ხსენებული ხომალდი ჩრდილოკორეულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოს გასროლით ჩაძირა, რასაც ოფიციალური ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნესკომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა. 15 მაისს კი, ორი ქვეყნის საზღვართან სამხრეთ კორეულმა ხომალდმა ჩრდილოკორეული კატარღების მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. სამხრეთ კორეამ ჩრდილოელი მეზობლის საზღვაო ტრანსპორტისათვის ცოტა ხნის წინ საკუთარი ტერიტორიული წყლები დაკეტა.
ამასთან, 27 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამხრეთ კორეას ჩრდ. კორეის წინააღმდეგ წარმოებულ საპროტესტო კამპანიაში დახმარება აღუთქვა.
"თქვენ გვერდით ვდგავართ ამ მძიმე საათში და თქვენ გვერდით ვიდგებით ყოველთვის", - ამ სიტყვებით მიმართა კლინტონმა სამხრეთ კორეის მთავრობასა და მოსახლეობას.