შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამხრეთ კორეას ჩრდ. კორეის წინააღმდეგ წარმოებულ საპროტესტო კამპანიაში დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ კლინტონმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ მძიმე საათში და თქვენს გვერდით ვიდგებით ყოველთვის", - ამ სიტყვებით მიმართა კლინტონმა სამხრეთ კორეის მთავრობასა და მოსახლეობას.
შეგახსენებთ, კორეული საინფორამციო სააგენტოების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდ. კორეელმა მაღალჩინოსნებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ფხენიანი სამხრეთ კორეასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების აქტის გაუქმებას აპირებს.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი 26 მარტს "ყვითელ ზღვაში" ჩაძირული სამხრეთ კორეული გემია. სამხრეთ კორეული და ამერიკული დაზვერვის მტკიცებით, ხსენებული ხომალდი ჩრდ. კორეულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოს გასროლით ჩაძირა, რასაც ოფიციალური ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა. 15 მაისს კი, ორი ქვეყნის საზღვართან სამხრეთ კორეულმა ხომალდმა ჩრდ. კორეული კატარღების მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ასევე, სამხრეთ კორეამ ჩრდილოელი მეზობლის საზღვაო ტრანსპორტისათვის ცოტა ხნის წინ საკუთარი ტერიტორიული წყლები დაკეტა.