პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაცინსკის 83 წლის დედამ შვილის გარდაცვალების შესახებ გაიგო. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც იაროსლავ კაჩინსკის საარჩევნო შტაბის წევრმა ელჟბეტა იაკუბიაკმა ტელეკომპანია "ტევეენ 24-ის" ეთერში განაცხადა.
სააგენტოს ინფორმაციით, ტრაგედიიდან 6 კვირის შემდეგ, ძმის გარდაცვალების შესახებ იაროსლავ კაჩინსკიმ დედას თავად შეატყობინა.
ტყუპი ძმების კაჩინსკების დედას, იადვიგა კაჩინსკას მარტიდან საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ. ავიაკატასტროფის შემდეგ ექიმებმა იაროსლავ კაჩინსკის ურჩიეს, ცოტა ხნით მისთვის შვილის დაღუპვის შესახებ არ ეცნობებინათ.
"ის ისეთ მდგომარეობაში იყო, დამიჯერეთ, ამის წარმოდგენა ყველა ჩვენგანისათვის შეუძლებელია. მწამს, რომ ის ძლიერი ქალია. იმედი მაქვს, იგი საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომ მისცეს იაროსლავ კაჩინსკის ის სიყვარული და მხარდაჭერა, რაც მას აუცილებლად სჭირდება", - განაცხადა ელჟბეტა იაკუბიაკმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 20 ივნისს ჩატარდება, იაროსლავ კაჩინსკი და სეიმის სპიკერი ბრონისლავ კომოროვსკი ფავორიტებად მიიჩნევიან.
პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა.