საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისთვის ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის საწარმოებში გასვლითი ლექციები ჩატარდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ საწარმოო პირობებში პრაქტიკულად ენახათ ტექნოლოგიური პროცესები, რომლებიც სემესტრის განმავლობაში თეორიულად შეისწავლეს. სტუდენტები გაეცნენ ე. მინდელის სახელობის შახტისა და მამდიდრებელი ფაბრიკის მუშაობის პროცესებს. ლექციებს უძღვებოდნენ საწარმოს დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში გულჯერ გვენეტაძე და პერსპექტიული განვითარების სამსახურის უფროსი გელა მაჩაიძე, აგრეთვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ანზორ აბშილავა და ზაურ არაბიძე. ლექციებმა სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. პასუხი გაეცა უამრავ შეკითხვას, რომელიც დაისვა სტუდენტთა მიერ. სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და საწარმოს ხელმძღვანელობა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ასეთი ლექციები რეგულარულად ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას.