დღეს, 26 მაისს, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ცნობილი შემსრულებლები Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K მიიღებენ.
ამავე დღეს, 17:30-ზე ენგურის ხიდის მიმართულებით სოლიდარობის მსვლელობა მოეწყობა, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დევნილების საკითხთან დაკავშირებით. მსვლელობის მონაწილეები ენგურის ბლოკპოსტთან გააჟღერებენ გზავნილს - "მუსიკა ათავისუფლებს!"
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 150 სტუმარი ეწვევა, მათ შორის იქნებიან როგორც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისე საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები, პარიზის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედია საშუალებებიდან.
ღონისძიების ორგანიზატორია " ALTER VISION GROUP " .
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 350, 000-მდე დევნილია, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის (აგვისტო 2008), აფხაზეთისა (1992-93) და ცხინვალის (1991) კონფლიქტების შედეგად იძულებით დატოვეს მშობლიური კერა.