ხვალ, 26 მაისს, ბორჯომში, ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება. მონაწილეობენ ვაჟთა ფოლკრორული ანსამბლი "შავნაბადა", სიმებიანი კვარტეტი, ბორჯომის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული გუნდი, ბორჯომის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები, ბორჯომის სამუსიკო სკოლის ქალთა ტრიო, ტრიო "სიმი", საფორტეპიანო დუეტი (მარინა რატიანი, მარინა ქიტიაშვილი), თანამედროვე ქართული ეთნომუსიკა. ჯგუფი "ლეჟავები - დეციში" (ხელმძღვანელი სამსონ ლეჟავა).
25 მაისიდან 4 ივნისამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო კავშირი "ნუა" აწყობენ ხელოვნების ფესტივალს, რომლის დევიზია "ბორჯომი _ ხელოვნების ქალაქი". ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, წარმოდგენილი პროგრამა არის რამდენიმე, ერთი შეხედვით დამოუკიდებელი, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროექტის ერთობლიობა. თითოეული პროექტი მიზნად ისახავს პროგრამის შემადგენელი კონკრეტული მიმართულების ამოქმედებას და გაცხადებული დევიზის "ბორჯმი _ ხელოვნების ქალაქი" სრულფასოვან განხორციელებას.