საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ ქობულეთის შემოვლითი გზის (მეორე ლოტის) 18 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება: ორზოლიანი გზა ასფალტ-ბეტონის საფარით, 15 ხიდი, 2 გვირაბი და სხვა ხელოვნური ნაგებობები.
ამ დროისათვის, ასფალტ-ბეტონის დაგება და ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია რომ, ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ერთერთი ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი ხიდი, რომელიც ახალი ტექნოლოგიით – ბურჯზე მოძრავი ყალიბის გამოყენებით მოეწყობა.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა როგორც რეგიონისთვის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლის ახალ ავტომაგისტრალზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ღირებულება 209,852,079.67 ლარია.