უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინა არ აღიარებს რუსეთის პრეტენზიას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონება. ეს განცხადება იანუკოვიჩმა უკრაინულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"დღეისათვის ამ საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამას. მივიჩნევთ, რომ ეს ქონება ქვეყნებს შორის უნდა გადანაწილდეს. ხოლო თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ამის მექანიზმი ჯერ ვერ იქნა მოძებნილი", _ განაცხადა იანუკოვიჩმა.
ამასთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის დროს ეს საკითხი არ განხილულა.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველმა ვლადიმერ კოჟინმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა დათანხმდება რუსეთს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქონების გადაცემას.
"ჩვენი პოზიცია იყო და არის უცვლელი. რუსეთმა თავის თავზე აიღო ყველა საკავშირო სახელმწიფოს ვალი და ეს ვალი გადაიხადა სრულად. ამასთან ერთად ყველა საზღვარგარეთ არსებული ქონება რუსეთის საკუთრებაში გადადიოდა. უკრაინა, ამ ვარიანტს ჯერ დასთანხმდა და შემდეგ გადაიფიქრა", _ განაცხადა კოჟინმა.