6 ივნისს, პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება - "ANAKONDA-16" -ში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ჩუტყვავილას დაავადების გამო ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.
მისი თქმით, აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.
„ჩვენთვის არასასიამოვნო მდგომარეობა წარმოიქმნა, რადგან ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ წვრთნებში მონაწილეობას. სწავლებისთვის დანაყოფიც სრულ მზადყოფნაში იყო. მაგრამ გაუფრთხილებლობით, ოჯახში პატარა ბავშვს ჩუტყვავილა შეეყარა და პიროვნებამ დაავადება აღნიშნულ ასეულში შემოიტანა. სამწუხაროდ ეს ამბავი დანაყოფის სწავლებაზე გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე მოხდა. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი, რომელშიც მედიკოსებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენს დანაყოფს უნდა მიეღო მონაწილეობა ამერიკული ბატალიონის დაქვემდებარებაში. საერთო გადაწყვეტილებით, რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ზოგადად მთლიანად ანაკონდას სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ამჯერად ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ წვრთნებში. თუმცა ჩვენგან პირადად მე ვაპირებ პოლონეთში ჩასვლას, სადაც სწავლებას ორივე მიმართულების სარდალთან ერთად დავაკვირდები“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
პოლონეთმა საქართველოსგან ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა „ანაკონდა-2016“ -ში.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა პეტრ ვალატეკმა განაცხადა.
„ქართველები მოწვეული იყვნენ სწავლებაში, ისინი არ ჩამოვიდნენ. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ პოზიციას“, - განაცხადა ვალატეკმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განმარტება ჩუტყვავილას გავრცელების საშიშროებასთან დაკავსირებით გუშინ გააკეთა, თუმცა, გუშინვე „რადიო თავისუფლების“ რუსულმა ბიურომ ქართულ დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს შტაბბინაში ბრიუსელიდან სთხოვეს საქართველოს, სწავლებაში ფართო მონაწილეობა არ მიეღო, იმისთვის რომ რუსეთი ვარშავის სამიტამდე ზედმეტად არ გაეღიზიანებინა, რადგან სამიტზე საქართველომ შესაძლოა ნატო-ს ასოციირებული პარტნიორის სტატუსი მიიღოს.
როგორც „პოლონეთის რადიო“ კი წერს, რომ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბართლომე მისიევიჩმა უარყო, რომ ნატო-ში ქართველებს სწავლებაში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.