8 ივნისს, 19.30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი გაიხსნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რეზო კიკნაძე, თურქი კომპოზიტორისა და ჯაზ-პიანისტის თულუღ თირფანის კვარტეტი, სპეციალურ სტუმრებთან მაიკლ ტრეისისთან (აშშ) და კრეიგ ვაგნერთან (აშშ) ერთად.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში 8-11 ივნისს, თბილისსა და ახალციხეში გაიმართება. ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდება.
Kavkaz Jazz ფესტივალის ფარგლებში, 1-დან 14 ივნისის ჩათვლით, პირველად საქართველოში ლუვილის უნივერსიტეტის (აშშ) ჯეიმი ებერსოლდის ჯაზის შემსწავლელ სკოლასა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით, ჩატარდება ორკვირიანი ვორქშოფი, რომელსაც გაუძღვებიან ცნობილი ამერიკელი პედაგოგები და მუსიკოსები - მაიკლ ტრეისი (საქსოფონი) და კრეიგ ვაგნერი (გიტარა). უკვე მესამედ, Kavkaz Jazz ფესტივალი მასპინძლობს მრგვალი მაგიდების სერიას მუსიკალური ექსპერტების მონაწილეობით საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.
თულუღ თირფანი თურქი კომპოზიტორი და ჯაზ-პიანისტია. მის შემოქმედებაში თურქული და ბალკანური ფოლკლორული მუსიკის ძალა და მელანქოლია, სუფიების მუსიკა, ტრადიციული ევროპული კლასიკური მუსიკა შერწყმულია ამერიკულ ჯაზსა და მიუზიკლთან. თულუღ თირფანი მუშაობს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ალ დი მეოლა, ტრილოკ გურტუ, ანტონიო სანჩესი და მრავალი სხვა. ჩაწერილი აქვს 10 დისკი.
„ჯაზის ელჩი“, პროფესორი, საქსოფონისტი მაიკლ ტრეისი ამერიკელი პედაგოგია, მისი საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა 40 წელს ითვლის და მოიცავს 20 ქვეყანას. სცენაზე გამოდიოდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ელა ფიცჯერალდი, ბადი რიჩი, ჯ.ჯონსონი, ჯონი მეისი და ჯგუფი Temptations, დევიდ ლიბმანი, დევიდ ბეიკერი, ბობი შიუ, ჯერი კოკერი. გამოშვებული აქვს 6 დისკი.
კრეიგ ვაგნერი ცნობილია როგორც ამერიკის ყველაზე მრავალმხრივი ახალგაზრდა გიტარისტი. კრეიგს თავის ბენდთან ერთად Java Men ჩაწერილი აქვს 3 დისკი. მას ასევე აქვს სოლო ჩანაწერი - Color of a Mirror (1999), ხოლო ნორა ჯონსთან - Invisible House (2013).
პროექტის ორგანიზატორია - არასამთავრობო ორგანიზაცია ”Art Bridge”.
პროექტის წარმდგენი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
ფესტივალის პარტნიორები: ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ვ.სარაჟიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი, თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართელოში.