25 მაისიდან 4 ივნისამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო კავშირი "ნუა" აწყობენ ხელოვნების ფესტივალს, რომლის დევიზია "ბორჯომი _ ხელოვნების ქალაქი".
ღონისძიების ორგანიზატორთა განცახდებით, წარმოდგენილი პროგრამა არის რამდენიმე, ერთი შეხედვით დამოუკიდებელი, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროექტის ერთობლიობა. თითოეული პროექტი მიზნად ისახავს პროგრამის შემადგენელი კონკრეტული მიმართულების ამოქმედებას და გაცხადებული დევიზის "ბორჯმი _ ხელოვნების ქალაქი" სრულფასოვან განხორციელებას.
გახსნის დღეს, 13:00 საათზე, ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი ბორჯომის 1-ელ საჯარო სკოლაში ჩაატარებს მასტერკლასს ფოტომოყვარულებისთვის. პროფესორი ანა კლდიაშვილი ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლაში წაიკითხავს ლექციას "ხელოვნების ისტორიის შესავალი". პროფესორი ნინო ღაღანიძე კი ლექციას - "ხელოვნების ისტორიის საკითხები".
16:00 საათზე, ბორჯომის ხელოვნების და კულტურის სახლში გაიხსნება ექსპოზიცია, რომელზედაც წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ თინათინ კლდიაშვილისა და პროფესორ ქეთევან ქავთარაძის ნამუშევრების გამოფენა.
17:00 საათზე იგეგმება II ფესტივალის საზეიმო გახსნა. კლასიკური მუსიკის საღამოში მონაწილეობენ ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები (პედაგოგები: მარინა რატიანი, მარინა ქიტიაშვილი), კამერული ორკეტრი "საქართველოს სიმფონიეტა" (დირიჟორი - ა. ხაინდრავა), გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართული ეთნომუსიკა. ჯგუფი "ლეჟავები - დეციში" (ხელმძღვანელი სამსონ ლეჟავა).