თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. თავდაცვის უწყება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ათობით საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი. თუმცა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, აღნიშნული ბინები რიგ შემთხვევებში უკანონოდ იყო დაკავებული მოქალაქეების მიერ. თავდაცვის სამინისტრომ საჭიროებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საცხოვრებელი ფართის სრული იდენტიფიცირება დაიწყო“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, მათ შორის არის თელავის დახურული სამხედრო ქალაქი N1, სადაც რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნული ბინების უკანონოდ მისაკუთრების ფაქტები გამოავლინა.
„ჩატარებული ახსნა-განმარტებების შედეგად 36-მა უკანონოდ მცხოვრებმა ოჯახმა საკუთარი სურვილით უკვე დაცალა ბინა. ამჟამად თელავის ე.წ. ლეგიონის დასახლებაში კვლავ რჩებიან უკანონო მოსახლეები, მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები. თუმცა, არც ამ დრომდე და არც მომავალში არცერთი მცხოვრების იძულებით გამოსახლება არ იგეგმება.
მიუხედავად მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციისა, აღსანიშნავია, რომ თელავში არ მომხდარა, არც ერთი ოჯახის გამოსახლება. კანონის შესაბამისად დაილუქა ოთხი ბინა, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებს ჰქონდათ დაკავებული და საკუთარი ნებით დატოვეს.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მოსახლეობის ინტერესების დაცვას, თუმცა, ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენება.
საცხოვრებელი ფართის იდენტიფიცირების პროცესში, ყოველი სამხედრო მოსამსახურის ინტერესი ისევეა გასათვალისწინებელი, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა მოქალაქეების. სწორედ, ამ ინტერესთა ბალანსითა და ყველა მხარესთან კოორდინაციით იქნება მიღებული ყველა გადაწყვეტილება. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უგულებელყოფილი თუნდაც ერთი ადამიანის კანონიერი ინტერესი“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.