სამხრეთ კორეა ჩრდ. კორეასთან ყოველგვარ სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს და ჩრდილოელი მეზობლისათვის თავის ტერიტორიულ წყლებს კეტავს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი მუნგ ბეკმა განაცხადა.
მისი თქმით, მეზობელთან ურთიერთობების გამკაცრების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც დადასტურდა, რომ სამხრეთ კორეული ხომალდი ჩრდ. კორეულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა.
"ჩვენ ყოველთვის მოთმინებით ვუყურებდით ჩრდ. კორეის აგრესიულ პოლიტიკას, რომლემაც ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. სამხრეთ კორეა ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მეზობელთან მშვიდობიანი თანაცხოვრება სურდა, თუმცა ახლა გარემოებები შეიცვალა - ჩრდ. კორეა თავისი პროვაკაციული საქციელების გამო საფასურს გადაიხდის", - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სიტყვებს "სი-ენ-ენი" ციტირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აშშ-მაც დააფიქსირა. თეთრი სახლი ოფიციალური სეულის გადაწყვეტილებას მიესალმება და ჩრდ. კორეის ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისა და ინციდენტში პასუხისმგებელი პირების დასჯისაკენ მოუწოდებს.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია. მიზეზი კი 26 მარტს "ყვითელ ზღვაში" ჩაძირული სამხრეთ კორეული გემია. სამხრეთ კორეული და ამერიკული დაზვერვის მტკიცებით, ხსენებული ხომალდი ჩრდ. კორეულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოს გასროლით ჩაძირა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნაში მოქმედ ბიზნეს კომპანიებს ჩრდ. კორეასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვიტისკენ მოუწოდა. 15 მაისს კი, ორი ქვეყნის საზღვართან სამხრეთ კორეულმა ხომალდმა ჩრდ. კორეული კატარღების მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.