სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო. მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) მიმდინარეობს სამცხე ჯავახეთის რეგიონში, სადაც 60 ათასამდე პირუტყვის კვლევა იგეგმება. უწყების ინფორმაციით, სერომონიტორინგი ჩატარდება ასევე ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. მიმდინარე წელს 200 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების კვლევაა დაგეგმილი, რის შემდეგაც მომდევნო წელს ჯანმრთელ პირუტყვს ჩაუტარდება ვაქცინაცია.
2015 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშები გამოიკვლიეს თბილისის შემოგარენ სოფლებში, კახეთსა და აჭარაში. აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარე წელს ჩატარდება ვაქცინაცია.
ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებასა და მის ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი და ადამიანი. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტით ან მისგან მიღებული პროდუქტით. ბრუცელოზი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას. დაავადებული ცხოველი უნდა დაიკლას, აკრძალულია მის მიერ წარმოებული რძის პროდუქტების სასურსათოდ გამოყენება.