აშშ-ს მთავრობამ კომპანია "როსობორონექსპორტის", ტულის მოწყობილობების მშენებლობის კონსტრუქციული ბიუროს, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის და მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმართებაში თავის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციები გააუქმა.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობაში, რომელიც ამერიკის მთავრობის მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტების გვერდზე _ ფედერალური რეესტრის გვერდზეა გამოქვეყნებული.
ყველა ამ რუსული ორგანიზაციის მიმართ სადამსჯელო სანქციები ვაშინგტონის მიერ სხვა და სხვა დროს იყო შემოღებული. მათ აშშ ბრალს სდებდა გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ს კანონის დარღვევაში ირანის, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში და საერთაშორისო რეჟიმების კონტროლში მასობრივი განადგურების იარაღისა და სარაკეტო ტექნიკასთან მიმართებაში.
ტულის მოწყობილობების მშენებლობის კონსტრუქციული ბიუროს მიმართ ვაშინგტონმა სანქციები 1999 წლის 29 აპრილს დააწესა, კომპანია "როსობორონექსპორტის" მიმართ 2008 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტისა და მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმართ 1999 წლის 8 იანვარს.
სანქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ საგარეო უწყებამ 12 მაისს მიიღო, სწორედ მის სფეროში შედის ამგვარი საკითხების გადაწყვეტა. ობამას ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ტულის მოწყობილობების მშენებლობის კონსტრუქციული ბიუროს, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის და მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიმართებაში გადადგმული ამგვარი ნაბიჯი "აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინტერესებსა და აშშ ნაციონალურ ინტერესებს პასუხობს", _ აღნიშნულია ფედერალური რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
აღნიშნულ დოკუმენტებს ხელს შეიარაღებაზე კონტროლისა და შეთანხმებების შესრულების შემოწმების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე როუზ გოტემიულერი აწერს. დოკუმენტებზე ასევე არის გაუვრცელებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ელიოტ კანგის ხელმოწერა.
ხოლო რაც შეეხება "როსობორონექსპორტს", მის შესახებ უბრალოდ ნათქვამია, რომ სანქციების მოქმედება შეწყვეტილია ვადაზე ადრე, ამ ნაბიჯის საფუძვლის ახსნა-განმარტების გარეშე. ძალაში აშშ-ს მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება 21 მაისს შევიდა.