საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ხელშეწყობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა.
ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე მახმად ეიბოვი. მე-2 ადგილზე გავიდა სოფ. ლამბალო საჯარო სკოლის მოსწავლე თურალ ისაევი. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.
”საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც დმანისში, ასევე თბილისში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ. - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალი ბადიროვმა.