აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობას დათანხმდეს.
ამის შესახებ კუშნერმა დუბლინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კუშნერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ ევროპელ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
„ამ შეთანხმებას ევროპული მხარის მონაწილეობის გარეშე ვერ მივაღწევთ. ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ხაზგასმით ავუხსენით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. პრეზიდენტი ზელენსკიც მტკიცედ უჭერს მხარს ამ მიდგომას - ის ამის შესახებ თავიდანვე საუბრობდა. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმების მიღწევა შევძელით და ის მზად არის, სცადოს“, - განაცხადა კუშნერმა.
მისი შეფასებით, ევროპულ და რუსულ მხარეებს შორის პირდაპირი შეხვედრების დროს ყველა საჭირო საკითხის განხილვა იქნება შესაძლებელი.
„ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ - ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას ვისმენთ სხვადასხვა ადამიანისგან, რომ მათ ამ ომის დასრულება სურთ. ეს ომი უკვე დიდი ხანია გრძელდება. ცხადია, მან ბევრ ადამიანზე იქონია გავლენა და, ვფიქრობ, ახლა ყურადღებას იმაზე ვამახვილებთ, თუ რისი მოტანა შეუძლია მომავალს“, - აღნიშნა კუშნერმა.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს, 12 ნოემბერს, კრემლში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები დუბლინში ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს.