საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 3 სპორტული მოედანი და 10 საბავშვო მოედანი მოაწყო.ამას გარდა,185 დევნილი ოჯახისთვის დამონტაჟდა გათბობის სისტემა. პროექტის საერთო ღირებულება 1 356, 267, 24 ლარია. ხონის დევნილთა დასახლებაში სათამაშო და სპორტული მოედნები, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა „USAID”-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
აღნიშნული პროექტი 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. პროექტი შპს ,,ჯავამ“ განახორციელა და სამუშაოებზე 60 ადამიანი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლე იყო.
საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) $52 მილიონიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის დახურვის ცერემონია ხონში გამართა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, USAID-ის მისიის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმაააშენა და რეაბილიტაცია ჩაუტარა არაერთ ობიექტს. სწორედ ასეთი თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 40 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი პირობები; 17 ყოფილი საავადმყოფო გადაკეთდა სრულად უზრუნველყოფილ საცხოვრებელ ბინად; გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა 22 კოლექტიურ ცენტრში; ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში აშენდა და სანიტარული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა იძულებით გადაადგილებულ პირთა 10 დასახლებაში; ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის, დუშეთის, გორის, ქარელის და ონის 25 კილომეტრიან გზას. აშენდა ონის წყლის სათავე ნაგებობა და განხორციელდა 32 კილომეტრიანი სარწყავი არხის სრული რეაბილიტაცია შიდა ქართლში.