4 მაისს ისრაელის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო ცენტრი "მაშავი" ჩოხატაურში "შალომ კლუბ–გურიას" ისრაელის ტექნოლოგიებით აღჭურვილ სათბურს გადასცემს.
"შალომ კლუბ–გურია" "მაშავის" კურსდამთავრებულების და ისრაელის სხვა მეგობრების მიერ ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩოხატაურში 1996 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ ისრაელის საელჩოსთან ერთად რეგიონში არაერთი სოციალური პროექტი განუხორციელებია. პროექტებს შორის იყო ისრაელის ექიმების მიერ კატარაქტის ოპერაციების ჩატარება, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ეტლების გადაცემა და სხვა.
უნიკალური სათბური, რომელიც ისრაელის კომპანია "ისრაგრინის" ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს დაეხმარება.
საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო "მაშავის" მეშვეობით, რომელიც 1957 წელს ჩამოყალიბდა, ისრაელში საქართველოდან ჩასულ 1200 ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგები. კურსების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობას ეხებოდა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "მაშავმა" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 20–ზე მეტი პროექტიც განახორციელა.
ტრენინგების გარდა საელჩო ისრაელის სხვადასხვა კომპანიებთანაც თანამშრომლობს ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების (სათბურები, საირიგაციო სისტემები და ა.შ.) ქართველი მოსახლეობისთვის დემონსტრირების მიზნით.
ჩოხატაურში დაგეგმილ ღონისძიებას ისრაელის ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი და "შალომ კლუბ–გურიას" პრეზიდენტი ზაურ ოსეფაიშვილი დაესწრებიან.