ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები საკრებულოს თავმჯდომარის, გელა ჯუგაშვილის და მისი მოადგილის, თამაზ წითელაურის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
„ბურჯანაძე-დემოკრატების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა საკრებულოს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართეს. მათი განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნის მიზეზი გახდა ის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ვერ უზრუნველყოფენ უწყების გამართულ მუშაობას და დამოუკიდებლობას.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ წითელაურის თქმით, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მათ გადაყენებას პოლიტიკური მოტივით ითხოვენ.
“საკრებულოს არც პრემიები აგვიღია და არც სახელფასო დანამატები, რას აპროტესტებენ ვერ გავიგეთ, მოვითხოვეთ პასუხი და გვითხრეს პოლიტიკური განცხადებააო,“- აცხადებს თამაზ წითელაური. ახმეტის საკრებულოს ოპოზიციური წევრების მოთხოვნა თვითმართველი ორგანოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.
საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე იმ შემთხვევაში დატოვებენ თანამდებობებს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს საკრებულოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს, ახმეტის საკრებულო 30 დეპუტატისგან შედგება.