აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში გაიმართა შეხვედრა KFW-ს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელთან ანდრეას ვეიტცელთან და WWF-ის კავკასიის პროგრამის წარმომადგენელთან ნუგზარ ზაზანაშვილთან.
აჭარის მტავრობის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. შეხვედრაზე განიხილეს KFW-ს ახალი საპილოტე პროექტი მაღალმთიან აჭარაში ეკო-დერეფნების მოწყობის შესახებ. პროექტი ,,კავკასიის ეკო-დერეფანი" გრძელვადიანია და მოიცავს 10-წლიან პერიოდს. ეკო-დერეფნების პროექტის ბიუჯეტი საქართველოში დაახლოებით 2 მლნ.ევროს შეადგენს და გათვლილია ორმხრივ სარგებელზე: იგი ერთის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ეკო-სისტემის გაუმჯობესებას რეგიონში. პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას, ეკოლოგიური მიწათსარგებლობის პრაქტიკის ინიცირებასა და დანერგვას შერჩეული ეკოლოგიური დერეფნებისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროექტის მიზანს წარმოადგენს, რომ აღნიშნული ეკო-დერეფნები რეგიონული ეკოლოგიური ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამავდროულად პროგრამის მიზანია ტყის ფონდის დაარსება, რომელიც იქნება მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვის ინსტრუმენტი ეკოლოგიურ დერეფნებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეკო-დერეფანი პირველად მაღალმთიან აჭარაში მოეწყობა. პროექტი ,,კავკასიის ეკო-დერეფანი" ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WWF-ის მიერ გერმანიის განვითარების ბანკის KFW მხარდაჭერით ხორციელდება.