სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური არხის, მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლების 96 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა.
განხორციელებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგია 4 750 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა, რომლითაც 12 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულებამ 3 491 548 ლარი შეადგინა.
რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა დაათვალიერეს.
2012 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 970 ჰექტრიდან 12 000 ჰექტრამდე, ხოლო დაშრობილი, კი, 1 200 ჰექტრიდან 4 400 ჰექტრამდე გაიზარდა.
დღეისათვის შპს „საქართველოს მელიორაცია“ საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 24 სარეაბილიტაციო პროექტს.