ძლიერმა ქარმა ქობულეთში ხეები მოგლიჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. გამგეობის ცნობით, ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც.
არსებული ინფორნაციით, სტიქიას მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.
"გამგეობაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიკრიბა და მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება. გამთენიისას ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიხერგა გზები ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო გამწვანების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია, სატრანსპორტო მიმოსვლა კი აღდგენილია. ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და პირველადი მონაცემებით, ეტაპისთვის ელექტროენერგია 4000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ძლიერი ქარის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერიაც ავრცელებს. მერიის ინფორმაციით ქარმა მწვანე ნარგავები დააზიანა, ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია რამდენიმე ხე და ამ დროისთვის გამწვანების სამსახური მოტეხილი ტოტების გატანის სამუშაოებს ახორციელებს.
მერიის ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავებამ“ უკვე დაასრულა ქარისგან დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც. გაწმენდილია სანაპირო ზოლიც.