საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტი შეიმუშავა.
გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტით ხდება არსებული სისტემის რეორგანიზაცია და ახალ მოდელსა და მართვის პრინციპებს აყალიბებს.
მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალი სისტემის განვითარება და დანერგვა ეტაპობრივად მოხდება.
”წინამდებარე კონცეფციის შემუშავებისას გათვალისწინებულია, როგორც 1993-2012 წლების განმავლობაში შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესის ანალიზი და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიღებული გამოცდილება, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების გამოცილება რეზერვის ფორმირებასა და განვითარებასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია მობილიზაციის სახეები: ნაწილობრივი, სრული და საყოველთაო მობილიზაცია. განხორციელების ფორმა - ღია და ფარული მობილიზაცია.
დოკუმენტი გასაზღვრავს რეზერვის სამ კატეგორიას: არმიის რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი.
თოთოეული კატეგორიისთვის განსაზღვრულია ამოცანები:
არმიის რეზერვი - შეიარაღებული ძალების გაძლიერება და საბრძოლო დანაკარგების შევსება;
ტერიტორიული რეზერვი - სახმელეთო ჯარების დახმარება საერთო ოპერატიული გეგმების შესაბამისად; შსს-ა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დახმარება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირებაში; კრიზისებისა და საომარი მოქმედებების რაიონებიდან მოსახლეობისა და წინასწარ განსაზღვრული რესურსების ევაკუირება; და ა.შ.
სპეციალისტების რეზერვი - შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და სხვა საორგანიზაციო ღონისძიებების მხარდაჭერა ომისა და მშვიდობის დროს.
არმიის რეზერვში ჩაირიცხებიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან და კადრის სამხედრო სამსახურიდან არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში დათხოვნილი პირები.
ტერიტორიულ რეზერვში პრიორიტეტულია იმ პირთა ჩარიცხვა ვისი პროფესიული კვალიფიკაცია საჭიროა ამ კატეგორიის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ამოცანების გადასაჭრელად.
სპეციალისტების რეზერვის დაკომპლექტებისას პრორიტეტული იქნება სამოქალაქო საქმიანობის სპეციფიკა და პროფესიული კვალიფიკაცია.
არმიის რეზერვში სავალდებულო სამსახურის ვადაა 3 წელი, ტერიტორიულ რეზერვში 5-7 წელი, სპეციალისტების რეზერვში 3-7 წელი.
რეზერვში სამსახურის ზღვრული ასაკი:
არმიის რეზერვის პირადი შემადგენლობისთვის - 50 წლის ჩათვლით;
ტერიტორიული რეზერვის პირადი შემადგენლობისთვის - 55 წლის ჩათვლით;
სპეციალისტების რეზერვის პირადი შემადგენლობისთვის - 65 წლის ჩათვლით;
დოკუმენტის ავტორებს ამ ეტაპზე მკაცრად არ აქვთ განსაზღვრული თუ რამდენი დღეს ითვალისწინებთ წვრთნები წლის განმავლობაში - მითითებულია 45 - 60 დღე. კონცეფცია ითვალისწინებს ორი სახის წვრთნებს - საბრძოლო (ინტენსიური) და სამობილიზაციო (მოკლევადიანი).
კონცეფცია წარმოადგენს საჯარო პოლიტიკურ დოკუმენტს.
”ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის ბოლოს გვექნება დიდი ღონისძიება, სადაც ნატოს რეზერვის ოფიცრებიც ჩამოვლენ. მათთან და ქართველ ექსპერტებთან ერთად დოკუმენტს საბოლოო სახეს მივცემთ, რომელსაც ივნისში გამოვაქვეყნებთ. ზაფხულში ვგეგმავთ პირველი ექსპერიმენტული ფაზის გაკეთებას. სექტემბრიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თემა დახურულია, დისკუსიები დამთავრებულია და რეალურ მოქმედებაზე გადავდივართ,“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.