აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დღეს ტრადიციულად პატივი მიაგო წაბლანას ტრაგედიის დღეს გარდაცვლილებს. რეგიონის პირველმა პირმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან ერთად გვირგვინებით შეამკეს ტრაგედიის ადგილზე გაშენებულ სკვერში მდებარე მემორიალი.
შემთხვევის ადგილზე გარადაცვლილთა სახელზე სიმბოლურად 23 ხეა დარგული. მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ყოველ წელს იკრიბებიან მემორიალთან და პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტრაგედიის ადგილას მისულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „ბოლო წლებია ტრაგედიის ადგილზე ნათესავებთან ერთად, ჩვენც, მთავრობის წევრებიც ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას". არჩილ ხაბაძემ ისაუბრა ასევე რეგიონის მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რომლის თანახმადაც ხულოში 1989 წლის 19 აპრილის სტიიქიის შედეგად დაზარლებულ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობას დახმარება გაეწია. შეიქმნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015", რომლის მიზანსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობისათვის საცხოვრებელი კორპუსიის აშენება. მთავრობამ მათ 5000 კვმ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში და საპროექტო დოკუმენტაცია გადასცა, ასევე გამოუყო 1 550 000 ლარი. „აჭარის მთავრობის მუშაობის შედეგად 25 წელიწადზე მეტ ხანს დაკონსერვებული პრობლემა გადაიჭრა. მოცემული ეტაპისთვის ამხანაგობა „წაბლანა 2015"-ს უკვე გადაეცა 1 550 000 ლარი. აჭარის მთავრობასა და „აჭარისწყალი-ჯორჯიას" შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად კი კომპანია ამხანაგობას დაეხმარება 1 775 000 ლარით. თუმცა აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ რჩება მეწყერსაშიში ზონები, სადაც მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა. მთავრობის პროგრამის ფარგლებში მათი განსახლება უსაფრთხო ადგილებში ეტაპობრივად ხორციელდება. გეოლოგიური სამსახურები ადგილზე სისტემატურად მუშაობენ, რათა საშიშროება დროულად იქნეს თავიდან აცილებული." -განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ წაბლანაში 27 წლის წინ მოხდა ეკოლოგიური ტრაგედია. 1989 წლის 19 აპრილს უეცრად ჩამოწოლილმა მეწყერმა მთის მთლიანი კალთა მოწყვიტა და სოფელი წაბლანა მეწყერის ქვეშ მოაქცია. ყველაფერი რამდენიმე წუთში მოხდა. მძინარე ადამიანებმა გაღვიძებაც კი ვერ მოასწრეს. მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.