სენაკში, აქვსენტი ცაგარელის სახელობის ქუჩას, ადგილობრივი მოსახლეობა მეორე დღეა „ქართული ოცნების“ ქუჩას უწოდებს.
ცაგარელის ქუჩა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი და არა მხოლოდ ტრანსპორტისთვის, ქვეითად მოსირაულეთათვისაც გაუვალი იყო.
მიმდინარე წელს, როგორც იქნა, გადაწყდა ქუჩის მოწესრიგება, თუმცა გუშინ დასრულებულმა სამუშაოებმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
ქუჩაზე, რომლის განივი სიგრძე ცალკეულ ადგილებში 12-15 მეტრია, 4 მეტრის სიგანის ასფალტი დაიგო.
„სს „არქეოპოლისმა“, რომელმაც ქუჩის მოასფალტების სამუშაოები აწარმოა, ფაქტობრივად მოუწისრეგებელი დატოვა ასფალტის განაპირა ზოლი“, - აცხადებენ ადგილობრივები.
მათივე განცხადებით, მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა, სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე არც კომპანიის ხელმძღვანელეები და არც რაიონის მესვეურები არ გამოჩენილან.
მოსახლეობას აინტერესებს: ვის მიერ უნდა გაკეთდეს ეზოებამდე მისასვლელი ბილიკები, უნდა მოეწყოს თუ არა ტროტუარი და გაიწმინდოს თუ არა ის საამშნებლო ნარჩენი, რომელიც გზის მოშანდაკებისას სამუშაოს მწარმოებელმა ასფალტის გასწვრივ დაყარა და დატოვა.
„ეს არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის ცენტრალური ხელისუფლების მოტყუების მცდელობა, რომ საქმეს აკეთებენ. ჩვენ წლებია ვითხოვთ ქუჩის შეკეთებას და არჩევნების წელს ვეღირსეთ. მაგრამ რომელ ქალაქში იგება გზები ასე? ბატონი გადელია, რომელიც „არქეოპოლისის“ ხელმძღვანელია და რაიონში მის მომავალ დეპუტატობას აანონსებს, არც კი გაგვეკარა და არ აგვიხსნა ასფალტის ასე დაგების მიზეზები. თუ ის არაფერ შუაშია და ამ სახის ტენდერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოაცხადა, მაშინ ეს თვალნათლივ მიუთითებს ამ ადამიანების არაკვალიფიციურობაზე. ეს არ არის გაკეთებული საქმე, ეს არის სახელმწიფო სახსრების განიავება და მოსახლეობის აბუჩად აგდება“, - აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.
მათივე განცხადებით, უმჯობესია ქალაქის საკრებულომ ქუჩას სახელი გადაარქვას და მას „ქართული ოცნების“ ქუჩა დაარქვას, მაშინ ყველა მიხვდება თუ რატომ არის 12-15 მეტრის სიგანის ქუჩაზე ასფალტი 4 მეტრზე დაგებული.