ბათუმში, ევროპის მოედანზე დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა განცხადებას ავრცელებს. როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებთ, აჭარის მთავრობამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
პრესსამსახურის ცნობით, არჩილ ხაბაძემ კონსერვაციის გეგმაზეც ისაუბრა, თუმცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ განხორციელდება. "დაიცავი ბულვარის” და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ არაერთი კონსულტაცია გამართა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო როგორც სამი ხეივნის აღდგენის, ისე ბულვარის „განვითარების კონცეფციაზე“ მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება. მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარში საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლოდ კონსერვაციის გეგმის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ იქნება გათვალისწინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აქციის ფორმა მოწოდებით „ბულვარი კვლავ საფრთხეშია“, მაშინ, როცა მთავარი მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.
დაიცავი ძველი ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფი ბათუმის ბულვარის კონსერვაციას ითხოვს. ბათუმელები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის მიერ კომპანია „ოაზისთან“ ბულვარის ახალი კონცეფციის შექმნის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვეს.