დღეს, 9 აპრილს, აჭარის ავტონონიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წელს მომხდარი მოვლენები, სამშობლოსათვის დაღუპული გმირები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
„27 წლის წინ 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია სამუდამოდ დარჩა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ ჩვენს მეხსიერებასა და ისტორიაში. ეს დღე ერთდროულად ამაღლებული განწყობითა და ტკივილით სავსე დღეა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 1989 წლის 9 აპრილს უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ სამშობლოსათვისდაღუპულთა სახელებს ყოველ წელს ვიხსენებთ სევდით, ჩვენ ისინი გავიხსენეთ დღესაც და კიდევ მრავალჯერ გავიხსენებთ მომავალშიც. მჯერა, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, საქართველოს თავისფლებისათვის თავგანწირულ ადამიანთა ხსოვნას. მნიშვნელოვანია თარიღია ჩვენთვის 1991 წლის 9 აპრილიც, როცა სიმბოლურად სწორედ ამ დღეს მოეწერა ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს“- ასე ეხმიანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 9 აპრილს თავის პირად გვერდზე.