ყირგიზეთში არეულობის ტალღამ ახალი ძალით იფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯალალ-აბადის იპოდრომზე შეკრებილ ამბოხებულთა ჯგუფმა მძევლად აიყვანა ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ბეკტურ ასანოვი და დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ისმაელ ისაკოვი. თვითმხილველთა განცხადებით, დემონსტრანტებმა ორივე ჩინოვნიკს ფიზიკური შეურაცხყოფა მოაყენეს.
ამავე დროს ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ორივე ჩინოვნიკმა დემონსტრანტებისგან თავის დაღწევა და გაქცევა შეძლეს.
ამავე დროს, ყირგიზეთის დროებითი მთავრობა არ ადასტურებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ზემოთნახსენები ჩინოვნიკები დაკავებულნი არიან. დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
სხვა მონაცემებით, მძევლად აყვანას ადგილი არ ჰქონია და ისინი იპოდრომზე შეკრებილებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.