ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული პროექტების განხორციელების პროცესის გაცნობის მიზნით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის შტაბში შეკრებილ დიპლომატიურ კორპუსს თინათინ ხიდაშელმა პაკეტით განსაზღვრული 13 მიმართულების აღსრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ პერიოდულად ვიკრიბებით როგორც თავდაცვის ატაშეებთან, ისე ელჩებთან და ერთგვარ ბრიფინგს ვუტარებთ მათ ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის განვითარების და პროგრესის შესახებ. JTEC უკვე იწყებს აქტიურ მოქმედებას. წვრთნების და შეფასებისთვის ცენტრი მაისში პირველ კონტინგენტს მიიღებს. დღეს ამ შეხვედრის აუცილებლობა, სწორედ, ამ მიზეზით იყო გამოწვეული. ელჩებთან გავიარეთ ყველა ის საბოლოო დეტალი, რომელიც ამ პროექტის ბოლო კონდიციამდე მიყვანას და პირველი სწავლების დაწყებისთვისაა საჭირო. პარტნიორი ქვეყნები მობილიზებულნი და მოტივირებულნი არიან. ისინი მხარს უჭერენ ამ პაკეტს და ქართულ სახელმწიფოს წარმატებას. თუმცა მხარში დგომა არასდროს არის საკმარისი და ყოველთვის მეტს ვითხოვთ. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ აბსოლუტურად პირნათელნი. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა პაკეტის და ამ პროექტის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ნატო-საქართველოს პაკეტში თანამშრომლობამ მარტივად უნდა აჩვენოს სკეპტიკოსსაც და ოპტიმისტსაც, რომ ამ წარმატებას აქვს საფუძველი. ის მყარ ნიადაგზე დგას და თავდაცვისუნარიანობის გაფართოება უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ თანამშრომლობის წარმატებას“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი (SNGP) საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და თავსებადობის მიღწევისთვის საჭირო ზომებისა და ინიციატივების ერთობლიობას წარმოადგენს. აღნიშნული პაკეტი მიზნად ისახავს მხარდაჭერას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 13 სხვადასხვა მიმართულებით -როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებისთვის. პაკეტი ითვალისწინებს რეკომენდაციების გაცემას, სტრატეგიულ დონეზე თანამშრომლობას, თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდასა და სასწავლო აქტივობებს, მრავალეროვნულ წვრთნებსა და თავსებადობის გაზრდილი შესაძლებლობების მიღწევას. 2015 წლის მონაცემებით, ნატოს წევრ 20 ქვეყანასა და პარტნიორ ქვეყნებს თავიანთი გამოცდილებითა და რესურსებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ SNGP პაკეტის განხორციელებაში.