სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 20 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის” ფარგლებში 29 აგროკომპლექტი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს -11 აგროკომპლექტი, ონის მუნიციპალიტეტის 13 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს - 18 აგროკომპლექტი) გადასცა.
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს რთული რელიეფის მქონე და მცირე მიწის ნაკვეთების დამუშავებასა და მათ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულობას. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი აგროტექნიკის შეღავათიან ფასად, ღირებულების 24 %-ად გადაცემა. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი (სათიბით, გუთნით, კულტივატორით) და ხელის სათესი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეები დევნილები ან/და ეკომიგრანტები არიან, ასევე მაღალმთიან, სასაზღვრო და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ კოოპერატივებს თითო კომპლექტის შესყიდვისას, დამატებით გადაეცემათ 1 ხელის სათესი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 584 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1415 აგროკომპლექტი უკვე მიიღო.