მეფუტკრეობის დარგში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაცია სამეგრელოს რეგიონში მოქმედ მეფუტკრე კოოპერატივებს მიეწოდათ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მეფუტკრეებს წარუდგინა სახელმწიფო პროგრამა რომლის ფარგლებშიც თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად გაიცემა სკები, თაფლის საწურები და შესანახი ავზები. პროგრამაში რეგისტრაცია 29 თებერვალს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, პროექტების მართვის სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ მეფუტკრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თაფლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების, ფუტკრის დაავადებებისა და საფუტკრეების მოწყობის თანამედროვე სტანდარტების, ასევე აგროკრედიტისა და ქართული თაფლის საექსპორტო მაჩვენებლების შესახებ. ფუტკრის დაავადებათა კლასიფიკაცია მეფუტკრეებს მეფუტკრეობის ექსპერტმა აკადემიკოსმა ვენერა სტეფანიშვილმა გააცნო.
აღნიშნული შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.