ყირიმელი თათრები ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზირებისა და მათი 2024 წლამდე იქ ყოფნის წინააღმდეგნი არიან. ეს განცხადება უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა მუსტაფა ჯემილევმა დღეს სიმფეროპოლში გამართულ მიტინგზე გააკეთა.
"ყველა საღად მოაზროვნე ჩვენი თანამემამულე და რა თქმა უნდა ყირიმელ თათარ ხალხთა მეჯლისი (ყირიმელ თათართა არაოფიციალური გაერთიანება, რომელსაც პრეტენზია აქვს, მიიღოს სტატუსი ყირიმელი თათრების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსი) იქნება იმ პოლიტიკური პარტიების გვერდით, რომლებიც უკრაინისთვის ამ დამამცირებელი და სამარცხვინო ხელშეკრულების დენონსაციისთვის იბრძვიან", _ განაცხადა ჯემილევმა მიტინგზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანს მრავალი ყირიმელი თათარი ეროვნულ ლიდერად მიიჩნევს.
ჯემილევმა მიტინგზე განაცხადა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით უკრაინის ხელისუფლებამ "განკარგა ნაციონალური ტერიტორია", "განკარგა ასევე ყირიმელი თათრების ტერიტორია, მათი მშობლიური მიწა".
"ამ ქვეყანამ (რუსეთი) მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი სამხედრო დოქტრინა მიიღო, რომლის მიხედვითაც მას აქვს უფლება სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ძალა გამოიყენოს, იმ შემთხვევაში თუკი მიიჩნევს, რომ ამ სახელმწიფოში ირღვევა რუსების უფლებები. ეს კი ცხადს ხდის, რომ ეს ხელშეკრულება და რუსული სამხედრო ბაზები საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას", _ აცხადებს ჯემილევი.
დეპუტატმა ასევე გაიხსენა, რომ რამდენიმე ხნის წინ, რუსეთმა სამხედრო ოპერაცია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიაზე ბაზირებული შავი ზღვის ფლოტის გემები გამოიყენა.
"ცხადია, რომ არათუ ჩვენ, არამედ ჩვენი შვილიშვილებიც კი, სულ მცირე, 2042 წლამდე მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის მძევლები იქნებიან", _ აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ყირიმში დაახლოებით 260 ათასი ყირიმელი თათარი ცხოვრობს.