25-29 თებერვალს აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპასუხო ვიზიტით პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში მიემგზავრება. ვიზიტის მთავარი მიზანია პოლონეთის რეგიონის ქვემო სილეზიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა. პოლონეთის რეგიონებთან თანამშრომლობა სხვადასხვა მმართულებით დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს. პოლონური და ქართული ბიზნეს წრეების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით გაიმართება ეკონომიკური ფორუმი „ვროცლავი-ბათუმი 2016", აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 26-28 თებერვალს პირველად მიიღებს მონაწილეობას ქალაქ ვროცლავში გამართულ ტურისტულ გამოფენაში. გამოფენას გახსნის ქვემო სილეზიის მარშალი ცეზარი ფშიბილსკი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. საგამოფენო სივრცეში დაგეგმილია აჭარის დღეების გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „ხორუმი" და ანსამბლი „ბათუმი".
აღსანიშნავია, რომ ქალაქი ვროცლავი 2016 წელს დასახელებულია ევროპის კულტურის დედაქალაქად, რაც კიდევ უფრო ზრდის ვროცლავი-ბათუმის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს. უკვე დაგეგმილია თანამშრომლობა ბათუმის დრამატულ თეატრსა და ვროცლავის ლეგნიცას თეატრს შორის. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი შეხვდება ვროცლავის უმაღლესი საბანკო სკოლის ხელმძღვანელ პირებს.