ზაფხულის სეზონზე ტურისტებს აჭარის განახლებული რუკებისა და გზამკვლევების გამოყენების საშუალება ექნებათ. პროექტებზე მუშაობა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაიწყო. წინა წელს არსებულ ბათუმის რუკას განახლებისას მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა დაემატება, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებასა და ორიენტაციას გაუმარტივებთ. გარდა ამისა, იგეგმება სამი რუკის ერთში განთავსება, რაც ბათუმის, აჭარისა და საქართველოს რუკების გაერთიანებას გულისხმობს.
წინა წლის მსგავსად ასევე დაგეგმილია ბათუმის, აჭარის სამენოვანი გზამკვლევის დაბეჭდვაც, რომელიც წარმოადგენს მოკლე, პრაქტიკულ და ტურისტების საჭიროებებზე მორგებულ ძირითად გზამკვლევს. ის მოიცავს სრულ ინფორმაციას აჭარის ღირსშესანიშნაობების, მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის, კულინარიის, სასტუმროების, გასართობი ცენტრებისა და რესტორნების, ასევე ობიექტებზე მისვლის მარშრუტებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. გარდა ამისა, გზამკვლევში შეყვანილია რეგიონში მოგზაურობისათვის სასარგებლო რჩევები და თემატური რუკები. რუკებიცა და გზამკვლევიც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება, სადაც ნებისმიერ მსურველს მისი გამოყენების საშუალება ექნება.