„მთის კანონის“ შესახებ სემინარი გაიმართა 19 თებერვალს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და UNDP-ს მხარდაჭერით. სემინარის მიზანი ჟურნალისტებისათვის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის გაცნობა გახლდათ.
აღნიშნული კანონი ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში და მასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესია. სწორედ ამიტომ, რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა კანონის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი განემარტა ჟურნალისტებისათვის და დაინტერესებული საზოგადოებისათვის. სემინარზე მომხსენებლების სახით მონაწილეობდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.