საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიდთოვლობის გამო შეჩერებულ ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკას აახლებს და აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
გამოდარებასთან ერთად აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გააქტიურდა. აღნიშნული მონაკვეთი ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და მისი ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,3 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის (ქვაყრილისა და რენოლეიბების) მოწყობის სამუშაოები.
ამ დროისათვის, ცემენტ-ბეტონის საფარი დაგებულია 4 ზოლიანი გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე. დანარჩენ მონაკვეთებზე მიმდინარეობს კომუნიკაციებისა და გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის მიხედვით, 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ვადა 27 თვეა., 7 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და მოძრაობა ახალ, ოთხზოლიან ცემენტ-ბეტონის საფარიან გზაზე გადაერთვება.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მლნ. ლარია.