ბათუმის პორტში ნატო-ს სამხედრო ხომალდების საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა. ოთხი ქვეყნის ეკიპაჟის წევრებს ნავსადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლები დახვდნენ. დახვედრის ღონისძიებაზე აჭარის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებმა ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულეს.
როგორც არჩილ ხაბაძემ განაცხადა, ნატო-ს ხომალდების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლა ხაზს უსვამს ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენსა და ნატო-ს ურთიერთობის გაღრმავებას და საერთო გეგმების განხორციელებას. ამ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებთან ერთად იგეგმება კულტურული ღონისძიებები და ერთობლივი წვრთნები. შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს გემების შემოსვლა", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.
ალიანსის წევრი ქვეყნის თურქეთის ფლოტის კაპიტნის რამაზან კეზგინის თქმით, საქართველოს სტუმრობს ესპანეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სამხედრო ხომალდები. კაპიტანმა საქართველოს მთავრობის წევრებს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
"მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვწვეოდით ბათუმს. ვითანამშრომლებთ საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან და ვაპირებთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებას", - აღნიშნა რამაზან კეზგინმა.
ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ. ხვალ ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.
ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია "აქტიური ძალისხმევის" მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას.