დღეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ზაალ აბაზაძე წარუდგინა.
დეპარტამენტის ახალი უფროსი აღნიშნულ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ბრძანების საფუძველზე 29 ოქტომბერს დაინიშნა.
ზაალ აბაზაძის განცხადებით, შენარჩუნდება ყველა მიმართულება, რომელსაც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქამდე ახორციელებდა.
"შენარჩუნდება ყველა მიმართულება, რომელსაც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ახორციელებდა და ამას დაემატება ახალი მიმართულებები. აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ და ქვეყნისადმი ინტერესი გავზარდოთ. აქტიურად ვიმუშავებთ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე", _ განაცხადა ზაალ აბაზაძემ.
ზაალ აბაზაძე დაიბადა 1979 წლის 10 დეკემბერს. დამტავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ლონდონის ფრენცის კინგის სკოლა და ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე კომპანია Georgian Events-ის ადმინისტრაციული დირექტორის პოსტი ეკავა.