საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სადაზღვევო პრემიის სიდიდით ამიერკავკასიაში ლიდერია. აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტმა ჩაატარა.
ამასთან, ამავე მაჩვენებლით საქართველო სხვადასხვა რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს ჩამორჩება.
კლვევის თანახმად, საქართველოში პრემიებიდან ყველაზე მეტი წილი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებზე მოდის; დაბალია სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის წილი. საცალო ბაზრის დიდი ნაწილიც აუთვისებელია, რაც ბაზრის შემდგომი ზრდის დიდ პოტენციალს წარმოადგენს.
ბაზარზე მოზიდული პრემიის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში და პრემიის სიდიდე ქვეყნის 1 სულ მოსახლეზე სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია.
საქართველოში 2008 წლის მონაცემებით პრემიის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 1.43 პროცენტს შეადგენდა, ხოლო პრემიის სიდიდე ქვეყნის 1 სულ მოსახლეზე - 36.9 აშშ დოლარს. თურქეთში იგივე მაჩვენებლები შესაბამისად 1.20 პროცენტსა და 116.1 აშშ დოლარს შეადგენდა. აზერბაიჯანში 1 სულ მოსახლეზე პრემია 21.3 აშშ დოლარზე დაფიქქსირდა, ხოლო სომხეთში 5 აშშ დოლარზე.
ამასთან, ჩრდილოეთ ამერიკაში 1 სულ მოსახლეზე სადაზღვევო პრემიამ 2008 წელს 3 988.8 აშშ დოლარი შეადგინა, დასავლეთ ევროპაში კი - 3 209.2 აშშ დოლარი.
"სწორი სადაზღვევო პოლიტიკის გატარებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებლებს მივუახლოვდებით", - განაცხადა "საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის" პრეზიდენტმა გიორგი გიგოლაშვილმა.
როგორც საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტში აცხადებენ, ამ პოტენცილის გამოყენებისათვის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიაში სადაზღვევო სისტემის მხარდაჭერის საკითხები აუცილებლად უნდა ჩაიდოს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სადაზღვევო სისტემის განვითარების კონცეფცია, რაც საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულირებიდან დაზღვევის პოპულარიზაციამდე ყველა მნიშვნელოვან საკითხს უნდა ითვალისწინებდეს.