საქართველოში რეალიზებული აზერბაიჯანული ბეზისნის ხარისხი მოქმედ სტანდარტებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგის" ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაისში "მონიტორინგმა" კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმოებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის ხარისხობრივი შემოწმება და სერტიფიცირება განახორციელა.
"შედეგი დადებითია, ანუ საწვავი მოქმედ სტანდარტებს შეესაბამება. მეტიც - რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავში ოქტანური რიცხვი, რომელიც საწვავის ერთ-ერთი მთავარი ფიზიკური მახასიათებელია, საკმაოდ მაღალია", - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, "სოკარის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანული რეგულარის ტიპის ბენზინის შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი ეკოლოგიური მახასიათებლები - ოქტანური რიცხვი რეალურად შეადგენს 93 - 93,5 ერთეულს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კი, უნდა იყოს არანაკლებ 91 ერთეულისა; ტყვიის შემცველობა ფაქტიურად არ არის - 0,0013 - 0,001 ერთეული (კანონმდებლობით - უნდა იყოს არა უმეტეს 0,013 ერთეულისა); არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი 29 პროცენტს შეადგენს (კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 45 პროცენტისა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 3 პროცენტამდე (კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 5 პროცენტისა); გოგირდის შემცველობა - 142 ერთეული (კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 500 ერთეულისა).
ამასთა, რაც შეეხება დიზელის საწვავის ლაბორატორიულ შედეგებს, იობაშვილი აღნიშნავს, რომ ცეტანის რიცხვი 49-50,5 შეადგენს, კანონმდებლობით იგი არანაკლებ 45-სა უნდა იყოს; აფეთქების ტემპერატურა - 67-72 0ჩ (კანონმდებლობით - არანაკლებ 62 0ჩ); გოგირდის მასური წილი - 295-317 (კანონმდებლობით - არა უმეტეს 350).