ტაილანდში არეულობისას დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, იზრდება დაჭრილთა რაოდენობაც და ის უკვე 400-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
"დაჭრილთაგან რამდენიმე ათეული უცხო ქვეყნების მოქალაქეა", - წერს სააგენტო.
"ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით კი, ე.წ. "წითელპერანგიანების" ლიდერი ხაატა სავასდიპოლი, რომელიც უცნობმა პირებმა 13 მაისს თავში დაჭრეს, დღეს დილით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ტაილანდის ყოფილი პრემიერის ტაკსინა ჩინავატას მხარდამჭერი მასობრივი აქციები ბანკოკში თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს. ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, თუმცა ხელისუფლება გადადგომას არ აპირებს.