ახლად აშენებულ საზოგადოებრივ ცენტრს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ცნობილი მთამსვლელების − ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების − შთამომავალ ივანე ჯაფარიძესთან ერთად გახსნის. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის პარალელურად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი ახალ პროექტს ჩაუყარის საფუძველს − პროექტი „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის მოპოვებაში ინტერნეტის მეშვეობით, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები და განხილვები. პროექტი ხრეითის საზოგადოებრივი ცენტრიდან აიღებს სტარტს და საქართველოში მოქმედ ყველა საზოგადოებრივ ცენტრში განხორციელდება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრში ათამდე ხრეითელი დასაქმდება, ხოლო ადგილობრივი და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებს. საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებით. ადგილობრივებს ყველა ამ სერვისისთვის სოფლიდან გასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ დროსა და ფინანსებს დაზოგავს. საზოგადოებრივი ცენტრი ხრეითში მცხოვრებ 4 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყლის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბლის, ლენტეხისა და დაბა ჩაქვის მოსახლეობას.