აჭარის მთავრობაში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი დილიდანვე შეიკრიბა. რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ მიმდინარე სამუშაოებისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერისა და მინისტრებისაგან მოისმინა.
როგორც რეგიონის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აჭარაში ორი დღეა გადაუღებლად თოვს.
,,განსაკუთრებით დიდი ნალექი მოვიდა ბათუმსა და ქობულეთში. ამ დროისათვის ზღვისპირა რეგიონებში თოვლის საფარის სიმაღლე 50 სმ -ზე მეტია. ბათუმსა და ქობულეთში ინტენსიუირად იწმინდება ცენტრალური გზები, სამკურნალო დაწესებულებებთან და პურის საცხობებთან მისასვლელები.
რეგიონში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო და სასწარფო სამსახურები. რამდენიმე ადგილას წაქცეულია ხეები. ქალაქის ტერიტორიაზე სანდასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელი მუშაობს, დამტვრეული ხის ტოტებისგან ათავისუფლებენ გზის სავალ ნაწილს და თოვლისგან ფერთხავენ მწვანე ნარგავებს.
დიდთოვლობის და უშუქობის გამო ქ.ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში მთლიანად შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში 29-დან 19 საჯარო სკოლა და 13 საბავშვო ბაღიდან 9 საბავშვო ბაღი არ მუშაობს.
მუნიციპალიტეტებში გზები იწმინდება როგორც დაბის ცენტრებში ასევე ადმინისტრაციული ცენტრების მიმართულებით. დიდთოვლობის გამო აჭარის სოფლებში შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. ხოლო დაბალი ზონის სოფლებში 70-90 სმ. ხულოსა და შუახევში არსებულ 94 სკოლიდან სასწავლო პროცესი არცერთში არ შეჩერებულა.
ბათუმი-ახალციხის მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს სამუშაოები ქობულეთი-ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ციხისძირის მონაკვეთზე, ასევე მძიმე ტექნიკა მუშაობს მწვანე კონცხის გვირაბთან. უსაფრთხოების მიზნით გზებზე იყრება ტექნიკური მარილი.
რეგიონის მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება წყალი და ბუნებრივი აირი. ელექტროენერგიის პრობლემა შეექმნა 6400-მდე აბონენტს. მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას”, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.