დღეიდან, 2 დღის განმავლობაში, სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია ბათუმის ყველა საბავშვო ბაღში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დოისთვის ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა.
,,შეუფერხებლად ხორციელდება წყალმომარაგება როგორც ახალი, ასევე ძველი ქსელის აბონენტებისთვის. ელექტროენერგია არ მიეწოდება 200 აბონენტს მახინჯაურში და 500 აბონენტს ადლიაში. მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენითი სამუშაოები. მიუხედავად დიდთოვლობისა, მუშაობა არ შეუწყვეტია მუნიციპალურ ტრანსპორტს. ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი #1, #1ა, #2, #4 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს შეზღუდვებით”, აცხადებენ ბათუმის მერიაში. მერიის ინფორმაციითვე, გამწვანების სამსახური აგრძელებს ხეების თოვლისგან გათავისუფლების ღონისძიებებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დილიდან თოვლმა ყაზბეგისა და ქათამაძის ქუჩებზე 3 ხე წააქცია. მიმდინარეობს ტერიტორის დასუფთავებისა და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ თოვლსაწმენდი ტექნიკა მუშაობს მთელი ქალაქის მასშტაბით, ინტენსიური თოვის გამო ქუჩების სრულად გაწმენდა ვერ ხერხდება. ამ დროისთვის გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები. გადაადგილება შეფერხებულია ჭაობის ტერიტორიაზე”, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.