ბათუმის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღში, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.ქალაქის მერიაში აცახდებენ, რომ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება დიდთოვლობის გამო მიიღეს. ქალაქის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია.
როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერ ხერხდება შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა.
მერიის ინფორმაციით, შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს. თოვლსაწმენდი ტექნიკა მუშაობს მთელი ქალაქის მასშტაბით.
სექტორებადაა დაყოფილი შპს ,,სანდასუფთავების“ მობილური ჯგუფები, რომლებიც ტროტუარების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
„გამწვანების სამსახური აგრძელებს შემოვლებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დილიდან თოვლისგან გაიწმინდა ხეები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. ამჟამად ხეების დაბერტყვის სამუშაოები გრძელდება მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია. უკვე განხორციელდა ტერიტორის დასუფთავებისა და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები”, აცხადებენ ბათუმის მერიაში.