საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორთან იოსებ ოზაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. ბჟუჟის ადიდებამ 2014 წლის სექტემბერში, გურიას 3 მილიონ 24 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. პროექტის ფარგლებში შენდება 7,20 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის დამცავი კედელი. კედლის მშენებლობა ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილას მიმდინარეობს, სადაც ადიდებულმა მდინარემ 70 მეტრი საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.
აღნიშნული გზით გურიის 7 სოფლის მოსახლეობა - დაახლოებით 5219 ადამიანი და რეგიონის სტუმრები სარგებლობენ. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზაზე გადაადგილება მათთვის, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება.
ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები, ასევე, მოიცავს 100 მეტრი სიგრძის გაბიონის მშენებლობას. ამასთან, გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა მდინარის კალაპოტი; წყლის შესაკავებლად მოეწყო რამდენიმე დროებითი დამბა, ჩაიდო 36 ცალი 10-ტონიანი ტეტრაპოდი.
მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოებზე 45 ადამიანია დასაქმებული.